Tuesday, December 18, 2012

გერგეტის სამება



(გერგეტის სამება)

  გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს.ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.ავტორისათვის მთავარი იყო ხედი აღმოსავლეთიდან,რადგან მოსახლეობა მხოლოდ აქედან მოდიოდა და ხეობის მაგისტრალიც ამ მხარეზე გადიოდა.ისტორიული ხევის მაშინდელი ცენტრიც დღევანდელი რაიონული ცენტრის ადგილას უნდა ყოფილიყო.მაშინ აქ,მდინარე თერგის მარცხენა მხარეს,სოფელი გერგეტი იყო,ხოლო მეორე მხარეს-სოფელი სტეფანწმინდა(ახლა ყაზბეგი).
      სამების ტაძარი გერგეტს ეკუთვნოდა და ამიტომ მას,ჩვეულებრივ გერგეტის სამებას ეძახიან.მაგრამ მას შემდეგ,რაც აქ სტეფანწმინდას სახელი შეუცვალეს,მყინვარწვერს ყაზბეგის მწვერვალი შეარქვეს და,საერთოდ,ისტორიული ხევის ცენტრი ყაზბეგი გახდა,ხშირად ტაძარს ,,ყაზბეგის სამებას“ეძახიან.ამჟამად ლიტერატურაში ორივე სახელს შევხვდებით,მაგრამ ჩვენ მაინც თავდაპირველი სახელი ვარჩიეთ.
   გერგეტის სამების ირგვლივ საკამოდ დიდი ლიტერატურაა,მაგრამ მასში უშუალოდ ძეგლს მთლიანად არ იხილავენ.ძეგლი მონოგრაფიულად შეისწავლა თ.სანიკიძემ და ძირითადი დებულებები გამოსცა.ამ ნაშრომს საჭიროების მიხედვით ვეყრდნობით.
   ისტორიული წყაროებიდან ვახუშტის ცნობაა ამჟამდ ჩვენთვის საინტერესო.იგი წერს:,,სტეფანწმინდის...დასავლით არის გერგეთი,არაგვს იქით კიდესა,ზეით ამისა არს,მყინვარის კალთასა ზედა,მონასტერი სამებისა,გუმბათიანი,მცხეთის სამკაულის სახიზრად,სადაც ესვენა ნინოს ჯვარი,მშვენიერნაშენი,შვენიერს ადგილს“.
   ამასთან,სხვა ცნობების მიხედვითაც სამება მონასტერი იყო.ადგილზე შემორჩენილია ტაძარი,სამრეკლო და ყორედ ნაწყობი გალავანი.მონასტრისათვის საჭირო ნაგებობები არ შერჩენილა.რაც შეეხება ხევსა და მთიულეთს,ისინი წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდნენ.
     გერგეტის ტაძარს თარიღი არ აქვს.მის მშენებლობასა და მშენებლებზე ცნობები არ შ ემონახულა.ტაძრის დათარიღებისათვის ძირითადია მხატვრულ-ისტორიული ანალიზი.
     ძეგლის აღწერა
    ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობეში გერგეტის სამების ტაძარი საშუალო ზომისაა.მას გრანდიოზულობას ანიჭებს მხოლოდ ადგილმდებარეობა და საერთო იერი.ადგილზე კი არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას,მომცროდ გამოიყურება.
   ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული.ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან.პირველი შესასვლელი სიგანით შესამჩნევად სჭარბობს მეორეს.
     ეკლესიაში შესულს თუ თვალი შეჩვეული აქვს ამ ტიპის ნაგებობისათვის,მაშინვე იგრძნობს ქვედა ტანისა და გუმბათის იმ შეუსაბამობას,რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს .ინტერიერის სხვა მხარეები კი,ასე არ სჭრის თვალს.
(გერგეტის სამების შიდა სივრცე)
   ტაძრის საკურთხეველი ღრმაა.მართალია,ბემა აფსიდისაგან გამოყოფილი არ არის,მაგრამ ცალ-ცალკე იგრძნობა ორივე ნაწილის არსებობა.საკურთხევლის შუაზე დგას ტრაპეზი,რომელიც თავდაპირველი უნდა იყოს.
    საკურთხევლის გვერდით ნაწილებში თითო ოთხკუთხა სათავსია.ამათგან სამხრეთისა სადიაკვნეა და დარბაზთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული.იგი სამხრეთის მხრიდან ნათდება პატარა სარკმლით.ჩვეულებრივ კი,ასეთ სათავსებში ერთი სარკმელი თუ არის,იგი აუცილებლად აღმოსავლეთითაა.ოსტატს აქ ხელს არაფერი უშლიდა.როგორც ეტყობა,ეს სარკმელი მას სჭირდებოდა სამხრეთის ფასადზე მორთულობისათვის.
  საკურთხევლის მეორე მხარეს მდებარე სამკვეთლო სადიაკვნეს ფორმას იმეორებს.ორივე შემთხვევაში ოსტატმა აფსიდალური დამთავრება უარყო,თუმცა,უნდა ითქვას,რომ აფსიდა სავალდებულო არასოდეს ყოფილა.სამკვეთლო ერთი სარკმლით აღმოსავლეთიდან ნათდება.იგი თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს.
    სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია,ე.წ.სამალავები.იქიდან კი შეიძლება მოხვედრა კონქსზედა სივრცეში.ამ სათავსთაგან სამხრეთისა სწორკუთხა გეგმითაა,ხოლო მეორე-ტრაპეციულით,ორივე სათავსი ნათდება აღმოსავლეთის მხრიდან,თითო პატარა სარკმლით.
 სამალავები მშენებელს ბლომად გაუკეთებია.ფაქტობრივად ეკლესია ორსართულიანია.ტაძრის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი და პატარა მეორე სართული.აღნიშნულის გარდა,მცირე სართული ახლავთ:გვერდით ნავებს,საკურთხეველს,დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებსაც.აქ,როგორც მართებულად აღნიშნავს ძეგლის მონოგრაფიული შემსწავლელი,შეიძლება გავიხსენოთ ვახუშტის ზემომოყვანილი ციტატიდან შემდეგი:,,არს...მონასტერი სამებისა...მცხეთის სამკაულის სახიზრად“.საგიქრებელია,რომ მეფემ და კათალიკოსმა თავიდანვე განიზრახეს,საჭიროების შემთხვევაში,ჰქონოდათ საგანძურის საიმედო შესანახი.
    ტაძრის შიდა სივრცე ძირითადად მიღებულია ცენტრალური ჯვრის მკლავებითა და მათზე აღმართული გუმბათით.ჯვრის მკლავებიდან გვერდითები მოკლეა და ტოლი.აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები ორჯერ აღემატება გვერდითებს.
    თვით გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის ორ პილონზე.გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრული წესით.გუმბათის ყელი მეთად მაღალია,ამიტომ ვიწროდ გამოიყურება.მას სიმაღლეს მატებს სარკმლების მეტად მაღლა მოთავსება.ეს მდგომარეობა არ არის ჩვეულებრივი,რადგან,სხვა ძეგლებში სარკმელი უფრო დაბალიცაა და მაღალიც.აქ,ასე მაღლა სარკმლების აწევა გამოწვეულია მკლავების კამარების ზემოთ მოთავსებული სამალავების გამო.ამ სახურავქვეშა სათავსებს გამოუწვევია ოთხივე მხარეს სახურავების ამაღლება.ამ უკანასკნელს კი გამოუწვევია სარკმლების აწევა.გარედან ეს ცვლილება შესამჩნევი არ არის,მაგრამ შიგნით კი მნახველთა უსიამოვნო გაოცებას იწვევს.
  ტაძრის შიდა კედლები თლილი ქვითაა შემოსილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,რომ კედლებზე შელესვა და ფრესკული მხატვრობა თავიდანვე არ ყოფილა.გვიანი დროის ფრესკის ფრაგმენტები კი ჯერ კიდევ ასიოდე წლის წინათ ყოფილა.შესაძლოა ამაზევე მეტყველებს სხვადასხვა სურათის მქონე ჩუქურთმის მოთავსება აფრებზე(გარდა სამხრეთ-დასავლეთისა) და,ნაწილობრივ,პროფილირებული გუმბათქვეშა თაღები და მათი იმპოსტები.აგური გამოყენებულია აღდგენის დროს მუზარადის ფორმის გუმბათის კამარაზე.სარკმლები თითოა ოთხივე მკლავში,ხოლო გუმბათის ყელში თითქმის თანაბარი ინტერვალით განლაგებულია ხუთი.
  ტაძრის დასავლეთი მხარე რთულია,იგი რამდენიმე ელემენტისაგან შედგება.ცენტრში მაღალი და განიერი მკლავია,გვერდებზე კი დაბალი ნავებია.ეს სამი ნავი ერთმანეთთან შეერთებულია ნახევარწრიული მოხაზულობის განიერი თაღებით.სამწუხაროდ,გვერდითი ნავები სანახევროდ ჩაბნელებულია,რადგან მათ არ გააჩნიათ საკუთარი სარკმლები.
     ეკლესიის ინტერიერში ერთი არქიტექტურული დეტალია,რომელიც შესვლისთანავე იქცევს ყურადრებას.ესაა პროფილირებული სარტყელი,რომელიც შიდა კედლებს ერთ დონეზე გასდევს.იგი იწყება კონქის საფუძვლის დონეზე და ამ ხაზს არ ცვლის არსად,მიუხედავად იმისა,რომ ზოგჯერ კვეთს სარკმლებს ასეთივე სარტყელი,მაგრამ უფრო წვრილი,რომელიც გასდევს გუმბათს კამარის ძირში.
     ეკლესიაში საკურთხეველს გამომყოფი კანკელი უხეში და ულაზათოა.თავდაპირველი კანკელი არ შერჩენილა,ეს კი ახალია(მის კედლებში ჩაყოლებულია ძველი კანკელის ჩუქურთმიანი ქვების ფრაგმენტები).ინტერიერში არსებული თაღები ნახევარწრიულია.მხოლოს საკურთხევლის თაღია ოდნავ მოისრო,დასვლეთით მდებარე გვერდითი ნავების თაღებიც წრიულია,მაგრამ დაჭყლეტილად გამოიყურება,რადგან ცენტრი კაპიტელების ქვემოთაა.ხოლო,რაც შეეხება დასავლეთია კარს,მისი ისრული ფორმის ტიმპანი მიღებულია ორი ქვის ერთმანეთზე მიდებით.
(გერგეტის სამების გეგმა)
     დასავლეთის გვერდითი ნავების თავზე მდებარე სათავსებში მოხვედრა შეიძლება ცენტრალური მკლავის გვერდით კედლებში გაჭრილი პატარა კარებით.ტაძრის ფასადები თითო სიბრტყისაგანაა შემდგარი,არსად არავითარი შვერილი არ არის.სამხრეთით არსებული კარიბჭე გვიანაა მიდგმული.სამხრეთის კარის გვერდებზე მდებარე კრონშტეინები თავისთავად რომელიღაც თაღების საყრდენად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.იყო თუ არა აქ კარიბჭე ან სხვა რაიმე მინაშენი,ამჟამად არ ირკვევა.
     შენობა დგას მაღალ ცოკოლზე,რომელიც ფაქტობრივად შედგება მსხვილი ლილვისა და სწორკუთხა საფეხურისაგან.აღმოსავლეთით რელიეფი რადგან დაბალია,ამიტომ აქეთ მხარეს ცოკოლს კიდევ ემატება ორი საფეხური.შენობის დამამთავრებელი კარნიზი მარტივი პროფილის მქონეა.მასზე ჩუქურთმა არსად არაა ამოკვეთილი.ფასადები მთლიანად შემოსილია კარგად თლილი ქვით.ქვის ზომები სხვადასხვაა,ამიტომ არც რიგებია დაცული.
(გერგეტის სამება ახლო ხედით)
     მორთულობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ცენტრალური სარკმელი და მასთან დაკავშირებული ჯვარი კვადრატებით კედლის სიბრტყის ზემოთაა,რელიეფურია,ხოლო დანარჩენი ჩაკვეთილია. ეკლესიის დასავლეთის ფასადის აბრისი აღმოსავლეთისას იმეორბს,კარ-სარკმლების განლაგებაში კი განსხვავებაა.აქ ფრონტონი დაზიანებულია,კარნიზიდან კუთხეებია დარჩენილი.
     ზემოთ აღვნიშნეთ,რომ გერგეტის ტაძრის ძეგლთა წრეა:საფარა,ზარზმა,ცაიში და დარბაზული ეკლესიიდან -დაბა.აქ ჩამოთვლილი არც ერთი გუმბათოვანი ტაძრის გვერდით გერგეტის დაყენება არ შეიძლება.მართალია,ის უფრო ახლოს არის ზარზმისა და ცაიშის ძეგლებთან,მაგრამ,ამავე დროს,მათ შორის გარკვეული ინტერვალი შეიმჩნევა.ამ ინტერვალს თუ გავითვალისწინებთ,გერგეტის ტაძრის აგების დროXI საუკუნის მეორე მეოთხედია.
(ტექსტი--თ.სანიკიძე-,,გერგეტის სამება,ხუროთმოძღვრული ძეგლი ყაზბეგის რეგიონში")

1 comment:

  1. გამარჯობა, ხომ ვერ დამეხმარებით. მაინტერესებს ნათლობის და ჯვრისწერისთვის გერგეტის სამებაში, წინასწარ ვის უნდა დავუკავშირდე?

    ReplyDelete